Sunday, November 9, 2014

პოლიმერული თიხის კლასი Art East-ში



polymer clay class
პოლიმერული თიხის კლასი Art East-ში
უკვე მეორე თვე დაიწყო, რაც საბავშვო სამხატვრო სტუდია Art East-ში პატარებს პოლიმერული თიხით ძერწვას ვასწავლი. ჩემი მოწაფეები 8 + წლის ასაკის გოგონები არიან, მხიარული, მეოცნებე, ზოგიც ცოტა მორცხვი, მაგრამ ყველა ნამდვილი შემოქმედებითი ენერგიით სავსე ნორჩი არტისტი.
ჩვენს გაკვეთილებზე, ბავშვები ეცნობიან პოლიმერული თიხით მუშაობის პრინციპებს და თიხის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას. სწავლობენ ფერთა შეხამებას, როგორ შეიძლება აკრილის საღებავებით თიხის მოხატვა, გაფორმება, სხვადასხვა მასალის გამოყენებით ყელსაბამების, გულსაკიდების, ბეჭდების, საყურეების, სამაჯურების და სხვადასხვა სადღესასწაულო მოსართავების დამზადება. ტექნიკისა და ძირითადი პრინციპების ათვისების შემდეგ,  ბავშვებს თავისუფლად, დამოუკიდებლად შეუძლიათ შეასრულონ თავიდან ბოლომდე ის, რაც ჩაიფიქრეს.
ყოველთვის ვცდილობ სამკაულების დამზადების დროს, პატარების გემოვნება და ხასიათი გავითვალისწონო. ბავშვები თვითონ ხატავენ ესკიზებს, ფიქრობენ, მერე ერთად ვმსჯელობთ როგორ შეიძლება სამკაულად ვაქციოთ მათ მიერ დახატული ესკიზი, ისე რომ  ნაკეთობა ეფექტური და გამძლე გამოვიდეს. პატარა არტისტებს ყველაზე მეტად თავიანთი გემოვნებით შექმნილი სამკაულები მოსწონთ. მუშაობას დავასრულებთ თუ არა, მაშინვე აისხამენ და კოხტად ირგებენ საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებს. მალე ალბათ სარკეც დაგვჭირდება თიხის სახელოსნოში:) ბავშვები უკვე ფიქრობენ რა შეიძლება საჩუქრად გაუკეთონ მათთვის ძვირფას ადამიანებს.
ხატვა, ძერწვა, საკუთარი ხელით რაიმეს შექმნა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია პატარების განვითარებისთვის. ბავშვის სწავლის პროცესი ასევე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია შეგრძნებასა და შეხებაზე. სხვადასხვა საგნით თამაშისა და სხვადასხვა მასალასთან მუშაობისა და შეხებისას, ბავშვებს არამარტო უვითარდებათ მოტორული უნარები, არამედ, ისინი უფრო მძაფრად შეიგრძნობენ და აღიქვამენ ირგვლივ მყოფი სამყაროს მრავალფეროვნებას.
შემოქმედებით პროცესში ბავშვები რაღაც ჩვეულებრივს გარდაქმნიან უნიკალურად. პატარა ხელებით  გამოძერწილი ნაკეთობა გამოცხვება, გაცივდება და ხდება გამძლე, ლამაზი. რაც მთავარია, საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრით პატარა ხელოვანი აუცილებლად იამაყებს.

No comments:

Post a Comment

Popular Products